დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს, რიჩარდ ვებერს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო. დიმიტრი ქუმსიშვილმა და რიჩარდ ვებერმა შეხვედრაზე ასევე ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პოლიტიკაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანებასთან.  "ჩვენ მივიღეთ დადებითი შეფასება მიმდინარე რეფორმებზე და ასევე დაპირება, რომ ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანება, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს სავაჭრო პალატას, რათა მისი როლი რეფორმებსა და ასევე კერძო სექტორის განვითარებაში გაძლიერდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.