თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი მუნიციპალური პროგრამის პრეზენტაციას მართავს

თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი მუნიციპალური პროგრამის - "ხალხური რეწვის დარგის განვითარება", პრეზენტაციას მართავს.

პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან დარგის წარმომადგენლები, პოტენციური ბენეფიციარები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები.  პროგრამის ძირითადი მიზანია ხალხური რეწვის დარგში მოქმედი მეწარმეების გადაიარაღება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და განსაზღვრული ვადის განმავლობაში მათი სამრეწველო-სავაჭრო ფართებით უზრუნველყოფა.  როგორც მეწარმეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მარგიშვილმა ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, წლიური ხარჯი კი 600 ათასი ლარია გათვალისწინებული. მისივე ინფორმაციით, პროგრამა უვადოა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის ხუთწლიან გეგმებს ახორციელებს.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი, ასევე მცირე მეწარმეების ხელშემწყობი იქნება, ასევე ის დაეხმარება მეწარმეებს შემოსავლების გაზრდაში. მეწარმეობის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, პროგრამა ხელს შეუწყობს ხალხური რეწვის დარგში მოღვაწე მეწარმე სუბიექტების, როგორც სამეწარმეო პირობების, ასევე პროფესიული ცოდნის ამაღლებას, სუვენირების ბაზრის განვითარებას, ხალხური რეწვის სალონების ტურისტულ ატრაქციად გარდაქმნას და ქართული ხალხური რეწვის პროდუქტების ცნობადობის ზრდას საზღვარგარეთ.

აღნიშნული პროგრამა თბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის ოქტომბერს დაამტკიცა.