თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა მუნიციპალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა

თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა სასტუმრო "რედისონში" მუნიციპალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა, სახელწოდებით "ხალხური რეწვის დარგის განვითარება". პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.  დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მცირე მეწარმეობის განვითარებას და მეწარმეებს შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ხალხური რეწვის განვითარების ხელშეწყობაზე, რასაც რამდენიმე მთავარი შედეგი მოყვება. პირველ რიგში, ეს არის ტურიზმის განვითარება, ვინაიდან, ხალხური რეწვის ნიმუშები, ჩვენს ტრადიციებთან და ტრადიციების მიხედვით წარმოებასთან არის დაკავშირებული და ტურისტების ინტერესს იწვევს. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეების შემოსავლის გაზრდას და ეს სოციალური დატვირთვის მქონე პროექტიც არის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მარგიშვილმა პოტენციურ ბენეფიციარებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ხელშეწყობის ინსტრუმენტებისა და პროგრამის განხორციელების დეტალები გააცნო.  პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, მერიისა და საკრებულოს, უცხოური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პოტენციური ბენეფიციარები. "აღნიშნული პროგრამა თბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამის ძირითადი მიზანია ხალხური რეწვის დარგში მოქმედი მეწარმეების გადაიარაღება; სამუშაო პირობების გაუმჯობესება და განსაზღვრული ვადის განმავლობაში მათი სამრეწველო-სავაჭრო ფართებით უზრუნველყოფა; პროფესიული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგების ჩატარება; წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ხალხური რეწვის მაღაზიის ფუნქციონირება ქალაქ თბილისში; ასევე, პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, კონფერენციების, სამიტების, ფესტივალების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა; საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებსა და ბაზრობებში მეწარმე სუბიექტების მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა და მათი ნამუშევრების წარმოჩენა; საექსპორტო გაყიდვის არხების განვითარებისთვის უცხოელი პოტენციური საბითუმო მყიდველებთან დაკავშირება და სავაჭრო ვიზიტების ორგანიზება. პროგრამა ხელს შეუწყობს ხალხური რეწვის დარგში მოღვაწე მეწარმე სუბიექტების როგორც სამეწარმეო პირობების, ასევე პროფესიული ცოდნის ამაღლებას, სუვენირების ბაზრის განვითარებას, ხალხური რეწვის სალონების ტურისტულ ატრაქციად გარდაქმნას და ქართული ხალხური რეწვის პროდუქტების ცნობადობის ზრდას საზღვარგარეთ", - განმარტავენ მერიაში.