ევროპალატის პრეზიდენტმა საპარტნიორო ფონდში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ევროპალატის პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საპარტნიორო ფონდში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით,  დავით საგანელიძემ და რიჩარდ ვებერმა საპარტნიორო ფონდისა და ევროპალატის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.  მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივად დაიგეგმოს ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელშიც ევროპალატის წევრი პალატების და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

"1958 წელს დაარსებული ევროპალატა ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას წარმოადგენს. მასში გაწევრიანებულია 45 პალატა, მათ შორის ევროპული და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ფედერალური პალატები. ევროპალატა ამ დროისთვის 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ ბიზნეს კომპანიას ფარავს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2000 წლიდან ევროპალატის წევრია და როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს. საქართველო წარმოდგენილია ევროპალატის დირექტორთა საბჭოშიც, (საქართველოს პალატის პრეზიდენტი არჩეული იქნა ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად 2015 წლის ოქტომბერში)", - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.

მათი ინფორმაციით, რიჩარდ ვებერი 2013 წლიდან ევროპალატის პრეზიდენტია. ამავდროულად ის არის “Karlsberg Brauerei KG Weber” -გერმანული ლუდის მწარმოებელი და „Mineralbrunnen Überkingen / Teinach AG“ -მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიების მფლობელი. ასევე - ბანკის "Bank 1 Saar" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. იგი იყო ევროპისა “Brewers of Europe” და გერმანიის “Deutscher Brauerbund” ლუდის მწარმოებელთა ასოციაციების პრეზიდენტი.