ნავთობზე ფასი 40 დოლარზე ქვევით დაეცა

ნავთობის გადაჭარბებული მარაგის ფონზე, აგვისტოს შემდეგ პირველად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 40 დოლარს ქვევით ჩამოვიდა.

"ბლუმბერგის" ცნობით, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე WTI-ის ნავთობი 0,54 დოლარით დაეცა და ბარელზე 39,91 დოლარი შეადგინა, რაც მინიმალური მაჩვენებელია 27 აგვისტოს შემდეგ.

0,11 დოლარით შემცირდა "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 43,46 დოლარი შეადგინა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ნავთობის მსოფლიო მარაგმა თითქმის 3 მილიარდ ბარელს მიაღწია. გასულ კვირას აშშ-ში მარაგები 252 ათას ბარელამდე გაიზარდა.

"ნავთობის ბაზარი შოკშია არსებული მარაგების გამო. ნავთობის ფასი შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაეცეს ექვსწლიან მინიმუმამდე", - განაცხადა Alexander Alternative Capital-ის დირექტორმა მაიკლ კორჩელიმ.