დავით ბაქრაძე: ვიზალიბერალიზაციას ერთადერთი რეალური საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე მთავრობის ქმედებებია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძის შეფასებით, დღეს ვიზალიბერალიზაციას ერთადერთი რეალური საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე მთავრობის ქმედებებია. აღნიშნული განცხადება ბაქრაძემ ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებისას გააკეთა. "ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციაზე, ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ღარიბაშვილის მთავრობას. მაგრამ უნდა გვესმოდეს, დღეს ვიზალიბერალიზაციას ემუქრება ერთადერთი რეალური საფრთხე და ეს საფრთხე მთავრობის ქმედებებია ქვეყნის შიგნით და მთავრობის მცდელობა, ხელში ჩაიგდოს "რუსთავი 2". ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს პრობლემა გადააბრალონ ოპოზიციას, არის უბრალოდ ტრაგიკომიკური და ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების იმ გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება კვებავს ჩვენს მოსახლეობას მეოთხე წელია, ნაცვლად გაკეთებული საქმისა და შესრულებული დაპირებებისა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცენ. შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და "ნაციონალური მოძრაობა" ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მტრობაში დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მინისტრებს თავად ევროკავშირში მიაწოდეს.  "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ბრიუსელში, ევროკავშირში, ევროპარლამენტში ითხოვდნენ, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, გაოცებულები ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს, კი მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები? - მაგრამ მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის. ეს ისე, ინფორმაციისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.