საქპატენტის თავმჯდომარე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის დელეგაციას შეხვდა

საქპატენტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ გოგილიძე ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე, თანამშრომლობის გეგმებზე, სასწავლო ცენტრის გახსნასა და აშშ-ის შესაძლო ჩართულობაზე ისაუბრეს. ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის შემდგომ ეტაპზე გადასვლის მიზნით საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის თანამშემწის მოადგილე, ელიზაბეტ ჰეფნერი და დასავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დირექტორი, ჯეისონ ბუტინი. დელეგაციის წევრებმა სასწავლო ცენტრის ტერიტორია დაათვალიერეს, ცენტრის გეგმებს გაეცნენ და განიხილეს შესაძლებლობა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აღნიშნულმა ცენტრმა შეასრულოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლებისთვის რეგიონალური სასწავლო ცენტრის ფუნქცია.

როგორც საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა, ეს არის უკვე მეორე შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისთან. პირველი შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ ვაშინგტონში გაიმართა.  "დელეგაცია საქართველოში ჩამოსულია მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში, საქპატენტთანაც იქნება ოფიციალური შეხვედრა, სადაც განხილული იქნება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული ცვლილებები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ისინი ახორციელებენ ვიზიტს საქპატენტის სასწავლო ცენტრში. ვისაუბრეთ ამ ცენტრის სამომავლო გეგმებზე, ამ ცენტრთან შესაძლო თანამშრომლობაზე და საბოლოო მიზანი ამ ყველაფრის ჩვენი მხრიდან არის, რომ ეს ცენტრი ვაქციოთ რეგიონალურ ცენტრად, სადაც მოხდება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის ამაღლება", - განაცხადა გოგილიძემ.

მისივე თქმით, ეს ცენტრი ამ სფეროში არის პირველი სპეციალური სასწავლო ცენტრი, სადაც მოხდება ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით სპეციალური განათლების მიღება სხვადასხვა ფოკუსჯგუფებისთვის, კერძოდ მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისთვის, სტუდენტებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.  "ჩვენ ამერიკულ მხარესთან ერთად ვგეგმავთ წარმოვადგინოთ მომზადების ერთობლივი კურსები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მოსახლეობისთვის", - განაცხადა გოგილიძემ.