პეტრე ცისკარიშვილი: მთავრობა კომერციული ბანკებიდან სესხს მაღალ პროცენტში იღებს და ქვეყნის შიდა ვალი მლრდ 700 მილიონს აღემატება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა საქართველოს მთავრობის მიერ ქართული კომერციული ბანკებიდან აღებული ვალების შესახებ ისაუბრა. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა კომერციული ბანკებიდან სესხს მაღალ პროცენტში იღებს და ქვეყნის შიდა ვალი მილიარდ 700 მილიონს აღემატება. ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შენარჩუნებას ხმარდება, რაც მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებამდე თავის მისატანად სჭირდება.

"მე მინდა გესაუბროთ ფისკალურ პოლიტიკაზე, მიმდინარე მაკრო ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და იმ პარამეტრებზე, რომლითაც ერთი შეხედვით მთავრობა თავს იწონებს და გვეუბნება, რომ ბიუჯეტს გადაჭარბებით ასრულებენ, ხოლო მეორე ხელით მიდიან და ჩვენი ქართული კომერციული ბანკებიდან იღებენ ვალებს. ბოლო ორ-სამ კვირაში დაიმატეს 30 მილიონი ლარის სესხი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი შიდა ვალები მილიარდ 700 მილიონს აღმატება, რაც არის კატასტროფული მაჩვენებელი. ეს ვალები არის უაღრესად ძვირიანი. ბოლო გუშინ აღებული სესხი არის 14%-ზე მეტი. გასაგებია, რომ ლარს უკვე აღარ ენდობა არც ქართული ბანკები, აღარც ხელისუფლება, რა საკვირველია, აღარც ჩვენი თანამოქალაქეები, მაგრამ მაინც ასეთი ტიპის ვალების აღება 14%, 15%-ში არის კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის შემდეგი 2 წლის განმავლობაში. თუ ბიუჯეტს გადაჭარბებით ასრულებენ, მაშინ რაღაში სჭირდებათ ძვირიანი ვალის აღება ქართული ბანკებიდან? სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ლარი არის გაუფასურებული და აქედან გამომდინარე მათ უადვილდებათ ბიუჯეტის შესრულება, მაინც არ ყოფნით ფული განსაკუთრებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე. იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა შენარჩუნებული იქნეს, ჩვენი ქვეყანა იღებს ვალებს, სესხებს, შემდეგ კი ძალიან ძვირი უჯდება ამის გასტუმრება. აი, ამით აფინანსებენ თავიანთ პოპულისტურ პროგრამებს, რომ როგორმე არჩევნებამდე თავი მიიტანონ. ესენი დროზე თუ არ გავისტუმრეთ ხელისუფლებიდან, ჩვენ ჩაგვფლავენ ისეთ ღრმა ჭაობში, ისეთ ჩიხში შეიყვანენ ჩვენს ეკონომიკას, რომ იქიდან გამოსვლა შეუძლებელი იქნება", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.