"გალტ & თაგარტმა" მედიაკორპორაცია Thomson Reuters-სთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

სააქციო საზოგადოება "გალტ & თაგარტმა" და მედიაკორპორაცია Thomson Reuters-მა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, "გალტ & თაგარტის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს, მედიაკომპანია Thomson Reuters-ი საკუთარ პლატფორმაზე გაავრცელებს.

"საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, "გალტ & თაგარტის" კვლევების მიმართულება ფარავს საქართველოსა და აზერბაიჯანის მაკროეკონომიკას, ასევე აქვეყნებს საქართველოს ეკონომიკის სექტორებისა და ფიქსირებული შემოსავლის კვლევებს. "გალტ & თაგარტის" კვლევების მიმართულება აერთიანებს კონკრეტულ სექტორებზე მიმაგრებულ ქართველ და აზერბაიჯანელ ფინანსისტებსა და ეკონომისტებს.

"საქართველოს ბანკის" შვილობილი, "გალტ & თაგარტი", ქვეყანაში წამყვანი კომპანიაა ინვესტიციების მართვის მომსახურების სფეროში. "გალტ & თაგარტს" აქვს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე მუშაობის უნიკალური და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით.  "გალტ & თაგარტი" არის უაღრესად ღირებული პარტნიორი, რისი დასტურიცაა კომპანიის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრების ზუსტი და სრულყოფილი კვლევა, ისევე როგორც კლიენტებისთვის დროული ანალიზის მიწოდება. მოხარული ვართ, რომ "გალტ & თაგარტთან" პარტნიორობის შედეგად მათი მაკროეკონომიკური, სექტორული და ფიქსირებული შემოსავლის შესახებ კვლევები ხელმისაწვდომი იქნება Thomson Reuters-ის საშუალებით. ხსენებული პარტნიორობა დასტურია ჩვენი მოწოდებისა, ვითანამშრომლოთ წამყვან კომპანიებთან და მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს მასალა, რომელიც მათ დაეხმარებათ კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში," - განაცხადა Thomson Reuters-ის კონტენტის მართვის დირექტორმა, იან ბროქლერჰურსთმა.

"ჩვენ უაღრესად მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ მსოფლიოს წამყვან მედიაკორპორაცია Thomson Reuters-თან, რომელიც ბიზნესის პროფესიონალებისთვის ინფორმაციის საუკეთესო წყაროა. "გალტ & თაგარტმა" საქართველოში პირველმა დაიწყო მუშაობა საინვესტიციო საბანკო კვლევების მიმართულებით. ხსენებული შეთანხმება არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი "გალტ & თაგარტისთვის", რომელიც საქართველოსა და მეზობელი რეგიონის შესახებ მაღალი ხარისხის ანალიზისა და ინფორმაციის ძირითადი წყარო ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის", - აღნიშნა "გალტ & თაგარტის" თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.