"მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს გვექნება პოზიტიური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით"

ბრიუსელში ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ წლის ბოლოს, მაღალი ალბათობით, ჩვენ გვექნება პოზიტიური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში, საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან ოპტიმისტური განწყობაა. "დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც საქართველოს მთავრობას ეკისრებოდა, შესრულებულია. ამას ერთხმად აღიარებს ევროკავშირი. ეს პროცესი დაიწყო ჩვენი მთავრობის დროს, მანამდე რატომღაც ამაზე არავინ ფიქრობდა. მოლდოვამ ეს გაცილებით ადრე დაიწყო და მათ უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირში და შემდეგ 28-ვე წევრი უნდა დაეთანხმოს აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შესაძლოა, ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდეს, რადგან გასათვალისწინებელია ევროპაში არსებული ვითარება. "თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი შესრულებულია", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა, რომელმაც გაწეული სამუშაოსთვის ყველა სახელმწიფო უწყებას მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რათა ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით ყველა ვალდებულება შესრულებულიყო.