10 ყველაზე მომგებიანი გამოგონება, რომელიც ბიზნესიდეების საბადოდ იქცა

"გამოგონებებისთვის კარგი წარმოსახვის უნარი და ნაგვის გროვა არის საჭირო”, - მიიჩნევდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამომგონებელი თომას ედისონი. იგი სწორედ წარმოსახვის უნარის წყალობით გამდიდრდა, რომელიც ეხმარებოდა ”ნაგვის გროვისგან” სხვადასხვა საქონლისა და ბიზნეს მიმართულებების შექმნაში. დღევანდელ, მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ღირებული გამოგონებისთვის ნაკლები ნაგავი და მეტი კარგი იდეაა საჭირო. მაგალითისთვის, გთავაზობთ გამოგონებების ათეულს, რომლებმაც მილიარდობით მოგება მოიტანა. 5 მათგანი ამერიკაში გამოიგონეს, დანარჩენი 5 კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ტაილანდიდან გერმანიამდე.

მიშელ ფერერო და ოჯახი. ევროპა. 10 მილიარდი დოლარი.

იდეა: შოკოლადის საუზმის ნაწილად ქცევა - შოკოლადის კარაქი ბუტერბროდებისა და ტოსტებისთვის.

ფერეროების ოჯახი, მიშელის მეთაურობით, - ევროპაში შოკოლადის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი გახლავთ. ბრენდებში შედის - Ferrero Rocher, Nutella, Tic Tac და Kinder Eggs. ამჟამად ოჯახი საქმიანობას აზიის მიმართულებით აფართოებს. მიშელ ფერერო მონტე კარლოში ცხოვრობს, შვილები კი ბელგიაში.

ბრედ ჰიუზი. 5,3 მილიარდი დოლარი.

იდეა: ავტობანების გასწვრივ ბარგის ავტომატური შესანახი კამერების დადგმა. Public Storage - ამერიკაში შესანახი მომსახურების სფეროს უმსხვილესი კომპანია გახლავთ. მას 2 ათასი ფილიალი გააჩნია. ბრედი სინდიკატ Property Research-ის ტოპ-მენეჯერად მუშაობდა, შემდეგ კი საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ჰიუზი ქველმოქმედებას აქტიურად ეწევა - ებრძვის ბავშვთა ლეიკემიას. მილიარდერმა 200 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა პარკერ ჰიუზის (ბრედის უფროსი შვილი) სახელობის სიმსივნის მკურნალობის ცენტრში.

რალფ ლოურენი. 5 მილიარდი დოლარი.

იდეა: აიღო ჩვეულებრივი მაისური-პოლო. დააწებო იარლიყი ცხენის გამოსახულებით. დააფასო 50$ და უყურო, როგორი წარმატებით იყიდება იგი.

ბრონქსში, რუსი ემიგრანტების ოჯახში დაბადებულმა რალფ ლორენმა სამუშაო კარიერა მაღაზიაში დაიწყო, კომპანია Brooks Brothers-ში მუშაობდა კლერკად. 1967 წელს ბიზნეს-სკლაში სწავლას თავი დაანება, რათა Beau Brummel-სთვის ჰალსტუხების დიზაინი დაეწყო. იმავე წელს 50 ათასი$ ისესხა მისი ლეგენდარული ხაზი Polo-ს გასაშვებად. 1994 წელს კომპანიის აქციათა 28% ფირმა Goldman Sachs-ს 138 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

ჯეფ ბიზოსი. 4,4 მილიარდი დოლარი.

იდეა: წიგნების ინტერნეტის მეშვეობით გაყიდვა - მომხმარებლის დროის დაზოგვა. Amazon.com-ის - უმსხვილესი ინტერნეტმაღაზიის დამფუძნებელი ჯეფ ბიზოსი ტეხასსა და ფლორიდაში გაიზარდა. კომპიუტერულ ჯადოქრად პრინსთაუნში იქცა და უოლ-სთრითზე დაიწყო მუშაობა სწავლის დამთავრების შემდეგ. 30 წლის ასაკში ჯეფის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც წიგნის ინტერნეტის მეშვეობით გაყიდვა გადაწყვიტა. მისი პირველი ოფისი სიეტლის ავტოფარეხში მდებარეობდა. 1997 წელს ჯეფი მილიარდერი გახდა. ბიზოსის ცხოვრების უმთავრესი გატაცება - კოსმოსური ფრენები გახლავთ.

ტაი უორნერი. 4,5 მილიარდი დოლარი.

იდეა: სიმპათიური რბილი სათამაშოების სხვადასხვა სახელით გამოშვება შეზღუდული პარტიებით, რათა სათამაშოები საკოლექციო საგნად ექცია.

უორენმა - დათუნია ბინის გამომშვები ბრენდის მეპატრონემ, კოლეჯში სწავლას თავი დაანება, რათა რბილი სათამაშოების ბიზნესი წამოეწყო. დათუნია ბინი სამყაროს 1986 წელს მოევლინა და თავისი სეგმენტის ლიდერად იქცა. უორენი მოგებას უძრავ ქონებაში აბანდებდა და ნიუ იორკში ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო Four Seasons ააშენა. გსურთ სასტუმროში ღამის გატარება? მოამზადეთ 30 ათასი დოლარი!

კალეო იუვიდიჰა, დიტრიხ მატეშიცი. ტაილანდი, ავსტრია. 3,1 მილიარდი დოლარი/3 მილიარდი დოლარი.

იდეა: ენერგეტიკული სასმელის გაყიდვა სპორტსმენებისა და ღამის წვეულებების მოყვარულთათვის.

იუდივიჰამ და მატეშიცმა შექმნეს Red Bull- ენეგეტიკული სასმელი ახალგაზრდებისთვის, სპორტისა და აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის. სასმელის წლიურმა გაყიდვებმა 3,4 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბრენდის თანამფლობელებმა ”ფორმულა 1”-ის გუნდი და ორი საფეხბურთო გუნდი შეიძინეს: Red Bull Salzburg და New York Red Bulls. იუდივიჰას აგრეთვე ტაილანდური კერძო კლინიკების ქსელი და კომპანია TC Pharmaceuticals ეკუთვნის (170 მილიონი დოლარი), რომელიც ტაილანდში აწარმოებს ენერგეტიკულ სასმელებს. მატეშიცი საკუთარ, ავიაციასთან დაკავშირებულ ბიზნეს-პროექტებს ავითარებს.

მარიო მორეტი პოლეგატო. იტალია. 3 მილიარდი დოლარი.

იდეა: ძირზე პატარა ნახვრეტებიანი ფეხსაცმლის წარმოება (სინესტისგან სპეციალური მემბრანით დაცული), რომელიც ოფლის სუნისგან იცავს.

მარიო კომპანია Geox shoes-ის დამფუძნებელი გახლავთ. ”მსუნთქავი” ფეხსაცმლის შექმნის იდეა ნევადის მთებში მოგზაურობისას დაებადა. გაუსაძლისი სიცხის გამო, პოლეგატომ ბოტასების ძირები გახვრიტა, რათა ფეხებისთვის ”სუნთქვის” საშუალება მიეცა. იდეის მიყიდვა Nike-სთვის სცადა, მაგრამ კონცერნი პროექტით არ დაინტერესდა. ამჟამად მარიოს საკუთარი ფირმა წელიწადში 16 მილიონ წყვილ ფეხსაცმელს ყიდის. კლიენტთა შორის თავად რომის პაპი გახლავთ. პოლიგატო წარმატებით ტკბება: ორი Lamborghini, Ferrari 360 Modena Spider, 5 არაბული ცხენი და 6 ანტიკვარული მოტოციკლი Moto Guzzi შეიძინა.

ჯეიმს დაისონი. დიდი ბრიტანეთი. 1,6 მილიარდი დოლარი.

იდეა: მტვერსასრუტი, რომელიც წარმოუდგენელი სისწრაფით (230 კმ საათში) ისრუტავს მტვერს.

ჯეიმსი ბავშვობაში ფაგოტზე უკრავდა, შემდეგ სახვითი ხელოვნების სკოლაში ჩააბარა დიზაინისა და საინჟინრო საქმის შესასწავლად. ამჟამინდელი მტვერსასრუტის 5127 პროტოტიპი მოამზადა, რომლის პრეზენტაციაც ინგლისში 1993 წელს მოაწყო. 2010 წელს მტვერსასრუტმა DC12 იაპონიაში ადგილობრივი ბრენდების Sharp-ისა და Sanyo-ს მტვერსასრუტების გაყიდვებს გაუსწრო და რეკორდი მოხსნა.

ჰანს და პოლ რაიგელი. გერმანია. 1.5 დოლარი (თითოეულს).

იდეა: სხვადასხვა ფორმის საღეჭი კანფეტების გაყიდვა

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ძმებმა ჰანს და პოლ რაიგელებმა ოჯახური საკონდიტრო თავიდან ააშენეს. ამჟამად, მათი ნაწარმის ყოველწლიური ბრუნვა 2 მილიარდ დოლარს აღწევს. კანფეტების ფორმებს ძირითადად ჰანსი იგონებს, ახალი იდეები კომიქსების თვალიერების შემდეგ ებადება.

ჰოვარდ შულცი. 1,1 მილიარდი დოლარი.

იდეა: ყავის მაღაზიები ამერიკის ყველა კუთხე-კუნჭულში.

Starbucks-ის ქსელის მფლობელი, ყავის მეფედ წოდებული შულცი ბრუკლინში გაიზარდა. ახალგაზრდობაში შვედური წარმოების ჭიქებსა და ქვაბებს ყიდდა. იტალიაში მოგზაურობისას, ესპრესოს ბარის გახსნის იდეით აენთო. ჰოვარდის ბოსებმა იდეა უარყვეს, რის შემდეგაც, თავად გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის გახსნა 1985 წელს. 1992 წელს თავისი კომპანიების აქციების საჯაროდ გაყიდვა დაიწყო. დღესდღეობით, Starbucks-ს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 12 ათასზე მეტი ყავის ბარი აქვს.

დუდანა ზაქარაი