ქართული ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე 40%-ით გაიზარდა

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველო-ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის კვლევა მოამზადა. კვლევაში განსაკუთრებლი ყურადღება დაეთმო ადგილობრივი წარმოების ქართული პროდუქციის ექსპორტის ანალიზს.

"2015 წლის იანვარ-აგვისტოს კვლევის შედეგებმა დაადასტურა ევროკავშირში საქართველოს მთლიანი ექსპორტის სტაბილურ მატება და გამოავლინა სუფთა ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გამოკლებით) მკვეთრი, 40%-იანი ზრდა. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,3%-ით გაიზარდა და 412,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 30%-ით არის გაზრდილი 2013 წლის შესაბამისი პერიოდის, ხოლო 73,4%-ით - 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზრდის ტენდენციით ხასიათდება იმპორტის მაჩვენებელიც. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,3%-ით გაიზარდა და 1568,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 8,8%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. თუმცა, 2012 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით უმნიშვნელო შემცირება (0,04%) ფიქსირდება.

2014 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქციის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 2013 წელთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21,7%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 14,9%-ს შეადგენდა. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში კი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლების ყველაზე მაქსიმალური ნიშნული დაფიქსირდა (28,3%) . 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქციის 24,2% სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდიოდა (2014 წლის შესაბამის პერიოდში 36,5%), 18,5% - თხილსა და კაკალზე, 14,5% - მოდიოდა ნედლ ნავთობზე, 8,9% - აზოტოვან სასუქებზე, 4,1% - ფეროშენადნობებზე, 2,5% - მსუბუქ ავტომობილებზე, 2,5% - ეთილის სპირტზე (არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები), 1,9 %- ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე, 1,8% - მინერალურ და მტკნარ წყლებზე, ხოლო დანარჩენ პროდუქციას ექსპორტში უმნიშვნელო წილი ეკავა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ექსპორტის ზრდა ცალსახად წარმატებული მოვლენაა, ხოლო იმპორტის ზრდა კი (ჯამური იმპორტის კლების პარალელურად) იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი მომხმარებელი უფრო მეტად ხდება ხარისხიან საქონელზე ორიენტირებული.

სუფთა ექსპორტი

საქართველოს ექსპორტის რეალური სურათის დასანახად უნდა დავაკვირდეთ ექსპორტს რეექსპორტის გარეშე, ანუ სუფთა ექსპორტს. საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული სუფთა ექსპორტის მოცულობა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 40,1%-ით გაიზარდა და 342 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ექსპორტიდან რეექსპორტის გამორიცხვის შემდეგ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების პირველი ათეული გარკვეულწილად შეიცვალა. შეცვლილია აგრეთვე თითოეული სასაქონლო ჯგუფის წილი ექსპორტის მთლიან მოცულობაში: 2015 წლის იანვარ-აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან განხორციელებულ სუფთა ექსპორტში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მის ნაცვლად ლიდერობს თხილი და კაკალი - 76,6 მილიონი აშშ დოლარით, რომელსაც სუფთა ექსპორტის მთლიან მოცულობაში 22,4 პროცენტიანი წილი უჭირავს. მესამე ადგილს იკავებს ნედლი ნავთობი - 17,5 პროცენტიანი წილით, მეოთხე ადგილზეა აზოტოვანი სასუქები - 10,7 პროცენტით, მეხუთეზე - ფეროშენადნობები - 5,0 პროცენტით, შემდეგ მოდის მინარალური წყლები -2,1 პროცენტით და ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2,1 პროცენტით.

სუფთა ექსპორტის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან რეიტინგში პირველ სამეულს ბულგარეთი, იტალია და გერმანია იკავებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბულგარეთის წილი 35,4 პროცენტამდეა შემცირებული, სამაგიეროდ 13,9 პროცენტამდე და 9,8 პროცენტამდე გაიზარდა შესაბამისად იტალიის და გერმანიის წილი ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული სუფთა ექსპორტის მოცულობაში. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჯერ სრული ძალით არ ამოქმედებულა, ნათლად ჩანს იმპულსები, რომელიც ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების სტიმულირებისკენაა მიმართული. ამისი ნათელი მაგალითია 2015 წლის 8 თვეში ევროკავშირში საქართველოს სუფთა ექსპორტის 40%-იანი ზრდა. საქართველო მაღალი ტემპებით ახორციელებს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირებას ევროკავშირის მიმართულებით, რაც სამომავლოდ დიდ პერსპექტივებს აჩენს მთლიანი შიდა პროდუქტის სტაბილური ზრდისა და ადგილობრივი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების განვითარების თვალსაზრისით. რაც სხვა ბაზრებზებთან მიმართლებაში, კერძოდ რუსეთის ბაზართან მიმართებაში ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია,"- წერია თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში.