"ინტერ რაო"-ს კომისიის დასკვნით, "თელასი" შემოდგომა-ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

კომპანია "თელასი" 2015-2016 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება, - ამგვარი დასკვნა გააკეთა "ინტერ რაო"-ს სპეციალურმა კომისიამ, რომელმაც სს "თელასის" სამეწარმეო აქტივების შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნა შეამოწმა და კომპანიას შესაბამისი პასპორტი გადასცა.

შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადებას კომპანია "თელასი" ყოველწლიურად გაზაფხულზე იწყებს. სს "თელასის" გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელიც შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი.  კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, "თელასმა" ჩაატარა სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები 110/35 და 10(6) კილოვოლტიანი ქვესადგურების გამანაწილებელ მოწყობილობებზე, მოდერნიზების სამუშაოები სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკურ ნაწილზე; სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდა 110 და 35 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზებს, შეიცვალა 35/10/6 კილოვოლტიანი ძაბვის მოძველებული საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ. ქვესადგურებში "ნავთლუღი-220", "გლდანი-220" და "ვარკეთილი" კომპანია "თელასმა" დახურული გამანაწილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქცია-მოდერნიზების პროექტები განახორციელა. ქვესადგურში "ორხევი" ღია გამანაწილებელი მოწყობილობის და მართვის პულტის მოდერნიზაცია ჩატარდა. დასრულდა ორი ცენტრალური გამანაწილებელი მოწყობილობის №6000 და №6025 სრული რეკონსტრუქცია. ასევე ქვესადგურიდან "ბაგები" დაბა წყნეთის მიმართულებით ახალი საკაბელო ტრასა აშენდა. შვიდ ქვესადგურში საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე სარელეო დაცვების რეაბილიტაცია განხორციელდა.

"აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის. ამასთანავე, კომპანია "თელასი" და მისი ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი აღჭურვილობით და მასალებით ნებისმიერი ტექნიკური ინციდენტის აღმოსაფხვრელად ან მინიმუმამდე შესამცირებლად" - განაცხადა სს "თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.