რამდენიმე ენერგოკომპანიამ მუშაობის ანგარიში წარადგინა

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ", "კახეთის ენერგოდისტრიბუციამ", "ენერგო-პრო ჯორჯიამ" და "თელასმა" მუშაობის ანგარიშები წარადგინეს.  ღონისძიება სასტუმრო "რედისონში" გაიმართა და მას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, არასამთავრობო სექტორი, დარგის ექსპერტები, სტუდენტები და მედია დაესწრნენ.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ თავის პრეზენტაციაში კომპანიის მიერ 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული პირველადი და მეორადი ქსელის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა პრეზენტაციაზე კომპანიის მიერ სადისტრიბუციო ქსელში უკვე განხორციელებული ინვესტიციების მონაცემებსა და კომპანიის ზოგად სამომავლო საინვესტიციო გეგმებზე, ასევე, გამრიცხველიანების კუთხით გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრა.  "თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა კომპანიის მიერ ქსელში განხორციელებული სარემონტო და პროფილაქტიკურ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება, რის შედეგადაც, მისი თქმით, თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობა და საიმედოობა გაიზარდა. როგორც მან აღნიშნა, 2015-2016 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონს კომპანია მომზადებული ხვდება.

"კახეთის ენერგოდისტრიბუციამ" ანგარიში კახეთში, ელექტროგამანაწილებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობისა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ წარადგინა.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენ მთლიანად ქსელის რებილიტაციას არ მოვახდენთ, რადგან ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ როდესაც ავარიები ხდება, ეს მოსახლეობამ თავის თავზე არ იგრძნოს და ელექტროენერგიის გათიშვა არ უნდა მოხდეს. ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობს ასევე "სახელმწიფო ელექტოსისტემა", მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს და ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში, კარგ შედეგს მივიღებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.