ფინანსთა სამინისტროში სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი კვირის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიღწეული პოზიტიური შედეგები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმება მიღწეულია მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, მათ შორის, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე, იმ ღონისძიებებზე, რომელიც დაგეგმილია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიმართულებით, აგრეთვე ისაუბრეს ამ კუთხით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე. "საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან საინტერესო და ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართა. შედგა შეხვედრები მაღალ დონზე პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. მისიასთან აქტიურად ვითანამშრომლეთ ფინანსთა სამინისტროში. განვიხილეთ მიმდინარე და მომავალი წლების მაკროეკონომიკური და სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები. ასევე ვისაუბრეთ სტრუქტურულ რეფორმებზე, რაც საინტერესოა, ახალი ინსტიტუციების შექმნაზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში დაგროვებისა და ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

"ძალიან კარგი შეხვედრები და მოლაპარაკებები გაიმართა. განვიხილეთ 2015 და 2016 წლების ბიუჯეტების პარამეტრები და შევთანხმდით, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი არ იქნება 3%-ზე მაღალი. ქართულ მხარესთან შეხვედრებზე ასევე ვისაუბრეთ სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის, საპენსიო რეფორმაზე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. საუბარი შეეხო გარანტიების თემას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გაძლიერების აუცილებლობას. შეხვედრას ვაფასებ ძალიან პოზიტიურად. მადლობას ვუხდი ფინანსთა სამინისტროს მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში, ჩვენ დავასრულებთ მიმოხილვას და შევთანხმდებით განზრახულობათა წერილის ხელმოწერაზე", - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა.

მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქართულმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს ისეთი სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეკონომიკის განვითარებას.