"ბარბის" რეკლამაში პირველად გადაიღეს ბიჭუნა

პირველად, თოჯინა „ბარბის“ 56-წლიანი არსებობის ისტორიაში, „ბარბის“ რეკლამაში ბიჭუნა გადაიღეს.

ვიდეორგოლი კომპანიამ ახალი ლიმიტირებული სერიის - Moschino Barbie-ს გამოსვლას მიუძღვნა. რეკლამა YouTube-ზე უკვე ნახა 1,3 მილიონმა ადამიანმა.

რეკლამის ავტორთა განცხადებით, იდეის მიზანი ხალხში გავრცელებული სტერეოტიპის დანგრევა იყო, რომ თოჯინა მხოლოდ გოგონების სათამაშოა.

„ამ რეკლამით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ბარბისთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია თვითგამოხატვისკენ, მოდისა და ფანტაზიისკენ სწრაფვა“, - განაცხადა „ბარბის“ მწარმოებელი კომპანია „მატელის“ წარმომადგენელმა.

„ბარბის“ პირველი თოჯინა 1959 წელს აშშ-ში, ვისკონსინის შტატში გამოვიდა გაყიდვაში. თოჯინის შექმნის იდეა კომპანია „მატელის“ დამფუძნებლებს რუტ და ელიოტ ჰენდლერებს ეკუთვნით. ბარბის სრული სახელი ბარბარა მილისენტ რობერტსია.