მდინარე ბჟუჟზე რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მშენებლობა სრულდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" მდინარე ბჟუჟზე რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მშენებლობას ასრულებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  ბჟუჟის ადიდებამ 2014 წლის სექტემბრის ბოლოს გურიას, მხარის ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობას, 3 მილიონ 24 ათასი ლარის ზარალი მიაყენა.  უწყების ინფორმაციით, დამცავი კედელი ბჟუჟის კალაპოტში იმ ადგილას შენდება, სადაც ადიდებულმა წყალმა, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას ცენტრალური მაგისტრალის მე-4 კილომეტრზე, 70 მეტრი საავტომობილო გზა ჩაანგრია და მოძრაობა შეაჩერა.

"მდინარის ერთ ნაწილში უკვე აშენებულია რკინა-ბეტონის დამცავი კედელი, რომლის სიმაღლე 7,20 მეტრი, ხოლო სიგრძე 594 მეტრია; ბჟუჟის ნაპირგამაგრების სამუშაოები, ასევე, მოიცავს მდინარის მეორე ნაწილში 170 მეტრი სიგრძისა და 8,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მშენებლობას, გაბიონის მშენებლობას და ასფალტის დაგებას წყალდიდობით დაზიანებულ გზის მონაკვეთზე. ამასთან, ბჟუჟზე გაიწმინდა, გაფართოვდა და გაღრმავდა კალაპოტი; წყლის შესაკავებლად მოეწყო რამდენიმე დროებითი დამბა, ჩაიდო ტეტრაპოდები", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას ცენტრალური საავტომობილო გზით გურიის 7 სოფლის (შემოქმედი, კვირიკეთი, წითელმთა, გონებისკარი, გომი, ბოხვაური, კურორტი გომისმთა) მოსახლეობა სარგებლობს. ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე გადაადგილება მათთვის, ინტენსიური წვიმების დროსაც კი, უსაფრთხო იქნება.  სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და ნაპირგამაგრების სამუშაოებზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონი ლარი დაჯდა, 45 ადამიანია დასაქმებული.