თიანეთში მურა დათვისა და შვლის მოკვლისთვის ბრაკონიერებს 55 ათასი ლარის ჯარიმა ემუქრებათ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტზე 7 პირი გამოავლინეს.

საქართველოს სატყეო პორტალის ცნობით, თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის ხეობაში სამართალდამრღვევებმა მურა დათვი და შველი მოინადირეს.

მოხდა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული ნანადირევის ამოღება.

მურა დათვის და შველის უკანონო მოპოვებაზე, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა საერთო ჯამში 55 ათასი ლარი შეადგინა.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.

მურა დათვი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.