კოალიციის პოლიტსაბჭოზე უზენაესი საბჭოს წევრთა პენსიების გადახედვასა და კომპენსაციებზე იმსჯელეს

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის – უზენაესი საბჭოს წევრთა ჯგუფი პენსიების გადახედვას და კომპენსაციებს ითხოვს. მათი შესაბამისი მიმართვის თაობაზე გუშინ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საკითხს ხელისუფლება გულმოდგინებით მოეკიდება და მიღებული იქნება ისეთი ხელსაყრელი ვარიანტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პაქტზე ხელმომწერი უზენაესი საბჭოს წევრებისთვის მისაღები იქნება.

"მათი მოთხოვნების სპექტრი საკმაოდ ფართოა – დაწყებული იმით, რომ მათი პენსია იყოს არა მხოლოდ გათანაბრებული პარლამენტის ყოფილი წევრის პენსიასთან, არამედ ჰქონდეთ 75%-იანი კომპენსაციაც, მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის ტოლი. არის კიდევ სხვა მოთხოვნებიც. ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ განწყობა არის პოზიტიური. ვფიქრობთ, რომ მივიღებთ ისეთ ხელსაყრელ ვარიანტს, რომელსაც იმსახურებენ ადამიანები, რომელთაც თავის დროზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერეს ხელი", - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.