კომპანია "რუსთავის წყლის" ახალი სამომხმარებლო ტარიფი 26 ნოემბერს გახდება ცნობილი

კომპანია "რუსთავის წყლის" ახალი სამომხმარებლო ტარიფი 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. შესაბამისი სხდომა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 26 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება, რომელზეც სემეკი "რუსთავის წყლისთვის" ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს. "რუსთავის წყალმა" წყლის ტარიფის გადახედვის თხოვნით სემეკს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიმართა, თუმცა კომისიამ მაშინ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება არ დაიწყო, რადგან კომპანიას კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი.

როგორც სემეკში აცხადებენ, სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად, "რუსთავის წყალს" კომისიაში დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენისთვის შესაბამისი ვადა განესაზღვრა. "რუსთავის წყალი", "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" და ,,მცხეთის წყალთან" ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას უწევს 49 932 აბონენტს ქ. რუსთავში, 4 713 აბონენტს გარდაბანში, 62 აბონენტს მარნეულში, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომერციულ ობიექტებს. მიმდინარე წლის 20 მაისს კომპანია "მცხეთის წყლის" მიმართვის საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით, მცხეთაში მრიცხველის მქონე აბონენტებს წყლის გადასახადი გაუორმაგდათ. თბილისში წყლის ტარიფის გაზრდას ითხოვდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც", თუმცა სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვალა.