ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტს რიკარდო კორდობას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი "ჩალიკ ჰოლდინგის" თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკი დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "ჩალიკ ჰოლდინგმა" საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, გარდაბნის ულტრათანამედროვე, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი წარმატებით განახორციელა, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრო.