ირაკლი ღარიბაშვილი: "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, უკვე 123 პროექტი გვაქვს დაფინანსებული

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე 123 პროექტია დაფინანსებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლილოს დასახლებაში განაცხადა, სადაც მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო Ynnovas-ი გახსნა.

მისივე განმარტებით, ჯამში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქართული წარმოების განვითარებაში 350 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "როგორც იცით, ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომელიც წარმატებით გრძელდება. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე 123 პროექტი გვაქვს დაფინანსებული. ჯამში ეს არის ქართული წარმოების განვითარებაში ჩადებული დაახლოებით 350 მილიონი ლარის ინვესტიცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება უშუალოდ ახალ საწარმოს, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, Ynnovas-ის გახსნა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია. "ეს არის თვალსაჩინო მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის. აღნიშნული საწარმო 100%-ით გადაამუშავებს ქართულ ნედლეულს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე ის სეზონურად დაასაქმებს ათასიდან 2 ათასამდე ადამიანს. აღნიშნული პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო, ეს კომპანია კი ერთ-ერთი პირველია, რომელიც "აწარმოე საქართველოში" ჩაერთო. დღეს ჩვენ ვხედავთ თანამედროვე საწარმოს სახით კონკრეტულ შედეგს. მინდა ეს ყველას და განსაკუთრებით კომპანიის ხელმძღვანელობას და იმ დამფუძნებლებს მივულოცო, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში და აქ, ადგილზე დაიწყეს ბიზნესის კეთება. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.