საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს "გენდერი და საკუთრება" იწყებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს "გენდერი და საკუთრება" იწყებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანია საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. "საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა ქალების მიერ უძრავი ქონების ფლობის, იჯარით გაცემის ან გამოყენების შესახებ. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად ქვეყანაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები კანონის ნაცვლად ხელმძღვანელობენ შეხედულებებით, რომლის მიხედვითაც ქონებაზე საკუთრების უფლებით პრიორიტეტულად სარგებლობს კაცი და ირღვევა თანასწორობის პრინციპი", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალი პროექტის მიზანია, მოქალაქეებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების გაცნობა და საკუთრების თანაბარი უფლების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება შეხვედრები, სადაც სააგენტოს თანამშრომლები მოსახლეობას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. მომზადდება საინფორმაციო კლიპები, ბროშურები და ბუკლეტები. ამას გარდა, სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახური, დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს გაუწევს კონსულტაციას. "ამ პროექტის დაწყება დაემთხვა 16 დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. გვსურს, რომ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი წვლილი შევიტანოთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში და ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საკუთრების თანაბარი უფლების შესახებ, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული", - აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრი გამოხატავს მზადყოფნას, პირდაპირი შეხვედრებით, შესაბამისი საინფორმაციო მასალების გავრცელებითა და მასობრივი კომუნიკაციის არხებით ხელი შეუწყოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას, ქონებრივი უფლებების სამართლიან რეალიზებას, ქონების გადანაწილების პროცესში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რაც ხშირად ხდება მათი სხვა სახის დისკრიმინაციის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მიზეზი. საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, 2010-2014 წლებში ქვეყანაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე სულ 131 9155 ფიზიკური პირის მიერაა რეგისტრირებული. მათგან 743888 კაცია (56.4%) და 575267 - ქალი (43.6%). ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი მინიმალურია (მაგალითად, დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, ხულოში, ლენტეხში, შუახევში, წალკაში, მესტიაში, გურჯაანსა და ყვარელში).