ბორჯომში სოფელ კორტანეთში საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია დასრულებულია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე და გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და მათი შეფასებები მოისმინეს. როგორც დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, ხიდზე განხორციელდა ძველი ამორტიზებული ხის სავალი ნაწილის დემონტაჟი, მოეწყო ახალი გზა, გამოიცვალა მოაჯირები და ჩატარდა სამღებრო სამუშაოები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კორტანეთის ხიდი, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალთან ერთადერთ დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს წლების განმავლობაში დაზიანებული იყო. ადგილობრივებს კი მასზე გადასვლა რისკის ფასად უწევდათ. აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემდეგ მოსახლეობა უსაფრთხოდ შეძლებს გადაადგილებას. კორტანეთის ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 211 ლარით დაფინანსდა. "აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხიდების რეაბილიტაციისათვის გახარჯულია 284895 ლარი. დღეს კი ინტენსიური სამუშაოები ტარდება ქ. ბორჯომში არსებულ "სილამაზის ხიდზე", სადაც მთლიანად გამოიცვლება როგორც საავტომობილო, ასევე ფეხით სავალი ნაწილი, განხორციელდება ასევე სამღებრო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 103 441 ლარია გამოყოფილი.