,,საქპატენტს", SRNSF-ს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (SRNSF), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს" შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმების საფუძველზე, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას ხელს შეუწყობენ. ასევე განხორციელდება ღონისძიებები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის განვითარებისათვის. "მემორანდუმის დებულებების განხორციელების მიზნით მომზადდება ერთობლივი მიზნობრივი პროგრამები, მათ შორის, გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის ერთობლივი პროგრამა, რათა მხარეთა მიერ განისაზღვროს კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა, პროცედურები, მხარეთა ვალდებულებები და უფლებები. ერთობლივი ძალისხმევით ტექნოლოგიების დარგში ტრენინგები, სემინარები, სამეცნიერო კონფერენციები და პროექტები იგეგმება, რაც წარმოშობს ახალ რესურსს სფეროში. მხარეებმა აღნიშნეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობა სამეცნიერო სფეროში. სწორედ ამიტომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მზადაა ახალი გამოწვევებისთვის.  "სააგენტო ითვალისწინებს ,,საქართველო 2020-ის" პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს, სწორედ ამიტომ ცდილობს გააღრმავოს თანამშრომლობა ერთობლივი რესურსის გამოყენებით საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.