ბაღდათში მდინარე ხანისწყლის ნაპირგამაგრება დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მდინარე ხანისწყალის კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ხანისწყლისთვის დამახასიათებელი წყალდიდობების შედეგად წარმოქმნილი მეწყერი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და ეკლესიას საფრთხეს უქმნიდა. "აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, ფლეთილი ლოდების გამოყენებით ბერმის მშენებლობა გადაწყდა და 185 მ სიგრძის სანაპირო ზოლის დაცვა მოხერხდა. აღნიშნული ტიპის ნაპირდამცავი ნაგებობა ხანგრძლივი ექსპლუატაციით გამოირჩევა და მეწყრული კერის არსებობის პირობებშიც კი მუდმივად განახლების საშუალებას იძლევა", - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტი, რომლის ღირებულება 188,5 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.