საქართველო ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა

საქართველო ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EIBTM 2015 მონაწილეობდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენა-ბაზრობაზე "EIBTM 2015" ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად სხვადასხვა ქართული კომპანიები მონაწილეობდნენ: BTL, Georgica Travel, GT Group, Info-Tbilisi Travel, Caucasus Travel, Travel Shop, Georgian Discovery Tours, Visit Georgia, Silk Way Travel, Liberty Georgia, Trawellin, Georgian Events, Concord Travel.

ბარსელონას გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს. გამოფენის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 50-მდე უცხოური ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.  "ტუროპერატორები საქართველოში საქმიანი ტურიზმით (MICE Tourism) დაინტერესდნენ. საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ კი 10-მდე პრეზენტაცია გაიმართა. საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალი წლიდან საკონვენციო ბიუროს დაარსებას გეგმავს", - აცხადებენ აღნიშნულ ადმინისტრაციაში.

მათივე თქმით, "EIBTM 2015"-ს გამოფენას მსოფლიოს 85 ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 15 ათასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.