ოთარ დანელია: მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა კარგი სტიმულია და ეს სტიმული ჯერ კიდევ საჭიროა

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის 3 წლიანი პროექტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს, ვინაიდან ეს არის ძალიან კარგი სტიმული და მთავრობა ფიქრობს, რომ ეს სტიმული ჯერ კიდევ საჭიროა. ამის შესახებ ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  "ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა გაგრძელდეს კიდევ ერთი წლით, ვინაიდან ეს არის ძალიან კარგი სტიმული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სტიმული ჯერ კიდევ საჭიროა. საუბარია დამატებითი 40 მილიონი ლარის გამოყოფაზე, რომელიც მოხმარდება მცირემიწიანი ფერმერების მიწების დამუშავების პროგრამას, ისევე, როგორც ეს იყო გასული 3 სეზონის განმავლობაში", - განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე, რამ განაპირობა ამ პროგრამის გაგრძელება, ხომ არ უკავშირდება ეს გარკვეულწილად საარჩევნო წელს, დანელიამ განმარტა, რომ "ჩვენ როგორ დავარქმევთ სახელს, ეს ცალკე თემაა".  "3 წლიანი პროექტი დაიწყო და დასრულდა, მაგრამ ახლა არის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ კომპონენტებს, თუმცა ზუსტი დიზაინი ჩვენ არ გვაქვს, იქნება თუ არა ეს ზუსტად ისეთივე, როგორც იყო მიმდინარე წელს, გასულ წელს ან პირველ წელს. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ ეს სტიმული ჯერ კიდევ შესანარჩუნებელია დარგში, მაგრამ სამწლიანი პროგრამა დაპირებისამებრ დაიწყო და სრულდება მიმდინარე წლის ბოლოს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

დანელიამ მისი უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრიორიტეტულ მიმართულებად ასევე რჩება კოოპერირება, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება, სურსათის უვნებლობა.  "საერთო ჯამში, აგროსასურსათო პორტფელის ნაწილში მილიარდამდე ლარის სტიმულირება მოხდა დარგში ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში. მიმდინარე პორტფელი გახლავთ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის, რომელიც არის მოქმედი პორტფელი. 139 ახალი საწარმოა და ჩვენ ველოდებით რამდენიმე ახალი საწარმოს დამატებას. 102 მილიონი დოლარის ინვესტირებაა ჯამში განხორციელებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 600-ზე მეტი საწარმო გადაიარაღდა რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.