სოციალურად დაუცველ სტუდენტებს მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, დაფინანსება გაეზრდებათ

დედაქალაქის საკრებულომ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესში ცვლილებას მხარი დაუჭირა. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ განუცხადა, ახალი წესით მოხდება რანჟირება სტუდენტების და ის სტუდენტები, რომლებიც მაღალი აკადემიური დასწრებით და კარგი შედეგებით გამოირჩევიან, 100%-ით დაფინანსდებიან. ამ დროისთვის არსებული წესით, სოციალურად დაუცველი სტუდენტები თბილისის მერიისგან 50 პროცენტით ფინანსდებოდნენ. "ამ შემთხვევაში შესული ცვლილებების თანახმად, სოციალურად დაუცველი სტუდენტები ისევ ფინანსდებიან, თუმცა ხდება წახალისება იმ სტუდენტების, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, შესაბამისად, ისინი დაფინანსდებიან 70-დან 100%-მდე, დანარჩენი კი 50%-ით. აღნიშნული ცვლილება 2016 წლის იანვრიდან შევა ძალაში", - განაცხადა გვილავამ.

დღესვე საკრებულომ მხარი დაუჭირა რატი იონათამიშვილის საკრებულოს წევრად არჩევას. იონათამიშვილმა საკრებულოში დეპუტატის თანამდებობაზე სწორედ ირაკლი გვილავა შეცვალა. გვილავა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გახდა თბილისის მერიაში.