სამინისტრომ დევნილი ოჯახებისათვის კერძო მესაკუთრისაგან 136 ბინა გამოისყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში მდებარე სასტუმრო "ამირანის" ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 136 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისგან გამოისყიდა და უახლოეს მომავალში დევნილებს საკუთრებაში გადასცემს.  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო "ამირანის" ყოფილ შენობაში დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობენ, მიუხედავად ამისა, შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც დევნილებისათვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო. მათივე ინფორმაციით, სამინისტრომ უნივერსიტეტის 6 ნომერში მდებარე შენობა კერძო მესაკუთრისგან 2 785 767 ლარად გამოისყიდა. ამ ეტაპზე, სამინისტროს დაფინანსებით ობიექტის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.

სამინისტრომ 291 758 ლარად, 20 დევნილი ოჯახისათვის, ნუცუბიძის 56 ნომერში მდებარე შენობაში არსებული საცხოვრებელი ფართებიც გამოისყიდა.  2012 წლიდან დღემდე, კერძო მესაკუთრეებისაგან 877 დევნილი ოჯახისთვის 20 ობიექტია გამოსყიდული.