ზურაბ აბაშიძე: რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის დასაწყებად ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიღებულია

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის დაწყებასთან დაკავშირებით შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და დეტალების დაზუსტების მიზნით სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა. ხელშეკრულების გაფორმების გაჭიანურების ფაქტის კომენტირებისას აბაშიძე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ახალ ხელისუფლებას დასჭირდა დრო საკითხში გასარკვევად და იყო გარკვეული კითხვები და სკეპტიციზმიც. "ჩამოვყალიბდით, შეთანხმებულად მუშაობს სამუშაო ჯგუფი. მე აქტიურად აღარ ვარ ჩართული. ფინანსთა სამინისტრო ხელმძღვანელობს პროცესს. ამის დასტურია ის, რომ სექტემბრის ბოლოს გაიმართა სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. კიდევ ერთი უნდა გაიმართოს წლის ბოლომდე და დაველოდოთ", - აღნიშნა აბაშიძემ.

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის WTO-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, 2011 წელს შედგა. მონიტორინგი ნეიტრალურმა შვეიცარიულმა კომპანია SGS-მა უნდა განახორციელოს, რომელთანაც კონტრაქტები როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა უნდა გააფორმოს.