სტიქიის შედეგად დამეწყრილი წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთიდან ჩამოშლილი მასის გატანის სამუშაოები იწყება

წყნეთი-ბეთანიის გზაზე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დამეწყრილი გზის მონაკვეთიდან ხეებისა და ჩამოშლილი მასის გატანის სამუშაოები იწყება.  წყნეთი-ბეთანიის გზის სტიქიის შედეგად დამეწყრილი მონაკვეთი, დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, იმისთვის, რომ მომავალში არ შეიქმნას საფრთხე დაზიანებული, გამხმარი ხის მასა უნდა მოიჭრას და აღნიშნული მონაკვეთიდან გამოიტანონ. ნარმანიას განცხადებით, მათ ჰყავთ კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს. საშეშე მასალა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა. ამის შემდეგ კი ჩატარდება დამატებით შეფასებითი სამუშაოები საინჟინრო გადაწყვეტასთან დაკავშირებით, რომელზეც მერიასთან ერთად ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს. კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ამ დრომდე სტიქის შედეგად დაზიანებული გზის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილი, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ აქამდე ორი მიმართულებით მიმდინარეობდა მუშაობა, ეს იყო კვლევები და ექსპერტული დასკვნების მომზადება. "ახლა არის შემდგომი ეტაპი, როცა გაწმენდითი სამუშაოები და პროექტის გრძელვადიანი გადაწყვეტის, გზის უსაფრთხოების სამუშაოები უნდა დავიწყოთ. ამიტომ შევიკრიბეთ დღეს აქ და დავაანონსეთ ამ სამუშაოების დაწყება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თხოვნით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, საქართველოში იმყოფებოდა ამერიკელი გეოლოგების ჯგუფი, რომლებმაც სამადლო და წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით გზის დაზიანებული მონაკვეთები შეისწავლეს. მინისტრის მოადგილის თქმით, ამერიკელმა გეოლოგებმა მოამზადეს პირველადი დასკვნა, რომლითაც აღნიშნული მონაკვეთების აღდგენა შესაძლებელია. დარჩიაშვილის თქმით, ამერიკელი გეოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით ასევე საჭიროა დამატებით სხვა კვლევების განხორციელებაც, რათა გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყოს. "შესაბამისად, ჩვენ გადავედით უკვე მეორე ფაზაში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, აღნიშნული ჯგუფი საქართველოში დეკემბრის თვეში ჩამოვა და დაიწყებს მეორე ფაზის სამუშაოებს. კერძოდ, პროექტირების ფაზაში გადავა და დავგეგმავთ სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, გზის გაწმენდის სამუშაოების პარალელურად მოხდება გზის აღდგენის პროექტზე მუშაობაც. დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გზის მშენებლობის პროექტზე სამუშაოები სავარაუდოდ, ზამთრის ბოლოსთვის დასრულდება. შემდეგ სატენდერო პროცედურები დაიწყება. დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ ზაფხულის დასაწყისში გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.