ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოფენა მოეწყობა

ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოფენა - "ოლკასი. ეგეოსიდან შავ ზღვამდე. შუა საუკუნეების პორტები აღმოსავლეთის საზღვაო გზაზე", მოეწყობა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, გამოფენა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ლიმენი. კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე" (2013-2015) ფარგლებში (ვებგვერდი http://www.limenproject.net).

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი). პროექტის პარტნიორები არიან: სტამბოლისა და კოჩის უნივერსიტეტები (თურქეთი), კავალას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი); კონსტანცას ისტორიისა და არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი (რუმინეთი); ოდესის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი (უკრაინა); ვარნას მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი). პროექტის მხარდამჭერები კი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), შავი და აზოვის ზღვების პორტების ასოციაცია (BASPA), შავი ზღვის საერთაშორისო კლუბი (IBSC) არიან.

როგორც წარმომადგენლობაში აცხადებენ, პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და "კულტურის ევროპული დედაქალაქის" გამოცდილების გამოყენებით ახალი ინსტიტუციის: "შავი ზღვის კულტურული პორტის" იდეისა და სტრატეგიის შემუშავება. "შავი ზღვის კულტურული პორტის" ინსტიტუციის მიზანია შავი ზღვის აუზის საპორტო ქალაქების კულტურული მემკვიდრეობისა და სპეციფიკური ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია; საპორტო ქალაქების მდგრადი და თანასწორი თანამშრომლობის ეკონომიკური და კულტურული პლატფორმის მომზადება, ისტორიული პორტების ქსელის შექმნა, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობით გააძლიერებენ ერთმანეთს; არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა კულტურული ტურიზმის განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა ერთიანი ტურისტული მარშრუტები, საინფორმაციო ფირნიშების ერთიანი სისტემა, საინფორმაციო ბუკლეტები, ცნობარები; გამოიკვეთა კულტურული მემკვიდრეობის როგორც მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობა და ხელი შეეწყო მის პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კულტურულ მემკვიდრეობას სათანადო დაცვისა და განვითარების პირობებში მატერიალური კეთილდღეობის მოტანაც შეუძლია.

პროექტი "ლიმენი" არის პროექტის "ოლკასი" გაგრძელება, რომელიც 2012-2013 წლებში შავი ზღვის რეგიონის ექვსი ქვეყნის (საბერძნეთი, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო) სამეცნიერო და კულტურის სფეროს შვიდმა ორგანიზაციამ განახორციელა, მათ შორის, გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრმა. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია იყო ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი). პროექტი "ოლკასი" დააფინანსა ევროკავშირის შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის პროგრამამ : "ერთობლივი სამოქმედო პროგრამა შავი ზღვა 2007-2013".

"გამოფენა მომზადდა პროექტის "ოლკასის" ფარგლებში. ის უკვე ბევრ ქვეყანაში გაიმართა: საბერძნეთში (თესალონიკი, ათენი, ვოლოსი, კავალა), თურქეთში (სტამბოლი), რუმინეთში (კონსტანცა), უკრაინაში (ოდესა, სიმფეროპოლი), კვიპროსზე (ლეფკოსია, პაფოსი, ლიმასოლი, აია ნაპაში). კვიპროსის გამოფენას "ოლკასი II. მოგზაურობა ბიზანტიიდან ბიზანტიაში" ეგეოსის ზღვისა და კვიპროსის 26 საპორტო ქალაქის ფოტოები შეემატა. აია ნაპაში გამოფენის თანაორგანიზატორი იყო საქართველოს საელჩო. გამოფენაზე წარმოდგენილია ეგეოსისა და შავი ზღვების და კვიპროსის საპორტო ქალაქების ხედები. ეს ფოტოები მოგზაურებმა, არქეოლოგებმა და ფოტოგრაფებმა სხვადასხვა დროს გადაიღეს - XIX საუკუნიდან დღევანდლამდე", - აცხადებენ წარმომადგენლობაში. გამოფენის გახსნას სხვადასხვა უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.