"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" წევრები ხვალ დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდებიან

"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" ორგანიზებით, ხვალ ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდებიან. როგორც "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში" იუწყებიან, ღონისძიება შეხვედრების ციკლის "ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან" ფარგლებში გაიმართება.

"დამსაქმებელთა ასოციაციის" ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება შემდეგი საკითხები - ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი "აწარმოე საქართველოში", სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული საკითხები (სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო).

შეხვედრის მსვლელობისას დაჯილდოვდებიან ბანკები, რომლებიც ხელს უწყობენ პროექტ "აწარმოე საქართველოში" ჩართული კომპანიების ფინანსურ მხარდაჭერას. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დიმიტრი ქუმსიშვილთან პირდაპირი დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო საკითხები განიხილონ.