ნოდარ ხადური ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯოს დოუმას შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჯოს დოუმას (Jos Douma) შორის გამართული შეხვედრისას საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, ტრანსპორტისა და საფინანსო სფეროებში.

შეხვედრისას, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში ნიდერლანდების სამეფო საქართველოს უწევს. (როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში საქართველო წარმოადგენს ჰოლანდიის ჯგუფის წევრ ქვეყანას).

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროებს შორისაც. ადამიანური რესურსების პოტენციალის გაუმჯობესება, საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფა, სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლის საკითხები - ეს ის საკითხებია, რომელშიც ნიდერლანდების მთავრობა ქართულ მხარეს დახმარებას უწევს.

როგორც ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა აღნიშნა, საელჩო გააგრძელებს მუშაობას, რათა პოტენციურ ინვესტორებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ისეთი პრიორიტეტული სფეროების შესახებ, როგორიცაა: ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა, გარემოს დაცვა, წყლის რესურსები და ინფრასტრუქტურა. ფინანსთა მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.