გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანელ ბიზნესმენებთან საქართველოს ბიზნეს და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრა

ლონდონში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული დიალოგის - "უორდროპის დიალოგის" ფარგლებში, ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისიტროში იუწყებიან, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა. მან ბრიტანელ ბიზნესმენებთან საქართველოს ბიზნეს და ეკონომიკური შესაძლებლობები მიმოიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის მზარდი მნიშვნელობა გლობალურ სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში. ასევე, საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემო, რასაც ხელს უწყობს მრავალი მიმართულებით გატარებული წარმატებული რეფორმა, რაც სათანადოდ აისახა წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქვეყნის პრიორიტეტია მოიზიდოს მეტი ევროპული ინვესტიცია და ევროპელ ბიზნესმენებს შესთავაზოს საქმიანობის თანამედროვე და ევროპული რეგულაციები. მან ისაუბრა ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლიმენტაციის პროცესზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც DCFTA რეჟიმი იძლევა, მათ შორის ევროპელი ინვესტორებისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, სავაჭრო-საინვესტიციო ფორუმს 20-მდე წამყვანი ბრიტანული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ საქართველოში ბიზნეს პროექტების განხორციელებით ინტერესი გამოხატეს. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა წარადგინა, მანვე შეხვედრის დასასრულს ბრიტანელი ბიზნესმენების შეკითხვებს უპასუხა.