ხვანჭკარას, სულგუნს, ჩურჩხელასა და სხვა რეგისტრირებულ დასახელებებსა და აღნიშვნებს ახალი სახელები დაემატება

ხვანჭკარას, სულგუნს, ჩურჩხელასა და სხვა რეგისტრირებულ დასახელებებსა და აღნიშვნებს ახალი სახელები დაემატება. როგორც "საქპატენტში" იუწყებიან, ახალი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის, კონტროლისა და მათი დაცვის მექანიზმების დახვეწის, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციისა და ბრენდინგის ხელშეწყობის მიზნით, დღეს მცხეთაში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და "საქპატენტს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად იმუშავებენ საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტებზე კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად.

"ასევე ერთობლივად იმუშავებენ უკვე დარეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციფიკაციების დახვეწასა და განახლებაზე, საქართველოში დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების მიზნებისთვის არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის დაფუძნების წახალისებაზე. ასევე, სააგენტო და "საქპატენტი" ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სფეროში კანონმდებლობის დახვეწაზე იზრუნებენ. აღნიშნული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა განპირობებულია საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების მნიშვნელობით, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად "საქპატენტის" მიერ რეგისტრირებულია ადგილწარმოშობის დასახელების 18 ქართული ღვინო, (ხვანჭკარა, მუკუზანი, ტვიში და ა.შ.), 8 მინერალური წყალი (ბორჯომი, მიტარბი, საირმე და ა.შ.), 16 გეოგრაფიული აღნიშვნა (სულგუნი, ჩურჩხელა, ჭაჭა, დამბალხაჭო და ა.შ.). რეგისტრაციის ბოლო ეტაპზეა "ქუთაისის მწვანილი", "ტყიბულის ჩაი", "მაჭახელას თაფლი" და "ახალქალაქის კარტოფილი".

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე