განათლების საერთაშორისო ცენტრს, "კამპუს ფრანსსა" და საფრანგეთის საელჩოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრს, უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო მობილობის ფრანგულ სააგენტო "კამპუს ფრანსსა" და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოდან იუწყებიან, მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად, ოცამდე ქართველი სტუდენტის საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ.

აღნიშნული მემორანდუმი განათლების საერთაშორისო ცენტრის "საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის" ფარგლებში გაფორმდა. ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ცენტრისა და კამპუს ფრანსის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ სტიპენდია. მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ და ფრანგული მხარის წარმომადგენელმა - საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "კამპუს ფრანსი" საქართველოში სამთავრობო დაწესებულებასთან მემორანდუმს აფორმებს. კონკურსის პირობები განათლების საერთაშორისო ცენტრის, "კამპუს ფრანსისა" და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ ერთობლივად იქნება დადგენილი. სტუდენტებს კი საერთაშორისო კომისია შეარჩევს. "კამპუს ფრანსი", საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის საელჩო მობილობის სტიპენდიების პროგრამის თანადაფინანსებას საერთაშორისო ვალდებულებიდან გამომდინარე თანამშრომლობის პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებენ", - აცხადებენ განათლების საერთაშორისო ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით. ცენტრის მისიაა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში, საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით. 2 წლის მანძილზე ცენტრის მიერ საზღვარგარეთ სასწავლებლად 200-მდე სტუდენტი დაფინანსდა.

"კამპუს ფრანსი" საფრანგეთის სახელმწიფოს საჯარო დაწესებულებაა, რომელსაც ევალება უცხოელი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა და საერთაშორისო მობილობის პროგრამების განხორციელება. "კამპუს ფრანსს" საფრანგეთის საგარეო საქმეთა, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროები მეურვეობენ. "კამპუს ფრანსის" წევრია საფრანგეთის 320 უნივერსიტეტი, მენეჯმენტის, საინჟინრო, ხელოვნებისა და არქიტექტურის სკოლები.