დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტ "აწარმოე საქართველოში" ჩართული კომპანიების მხარდაჭერისთვის ბანკები დააჯილდოვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტ "აწარმოე საქართველოში" ჩართული კომპანიების ფინანსური მხარდაჭერის ხელშეწყობისთვის ბანკები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" ორგანიზებით ასოციაციის წევრ და პარტნიორ კომპანიებთან შეხვედრისას გაიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბანკები: "თი-ბი-სი", "პროკრედიტ ბანკი", "საქართველოს ბანკი", "ხალიკ ბანკი", "კორსტანდარტ ბანკი", "კაპიტალ ბანკი", "ლიბერთი ბანკი", "პროგრეს ბანკი", "ბანკი რესპუბლიკა", "ბაზისბანკი", "ვი-თი-ბი ბანკი", "ქართუ ბანკი" დააჯილდოვა.

"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" ორგანიზებით შეხვედრების ციკლის "ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან" ფარგლებში მინისტრისა და ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი "აწარმოე საქართველოში" და სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა დამსაქმებელთა ასოციაციას აღნიშნული შეხვედრის უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

"მეწარმეებთან განვიხილეთ ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. განვიხილეთ მიმდინარე რეფორმები. ასევე წარმატებები, რომლებიც მიღწეული გვაქვს. ძალიან დადებითი და ემოციური შეხვედრა გვქონდა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბიზნესმენებთან შეხვედრა შეაფასა "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.

"ჩვენ მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის ძალიან ვრცელი მოხსენება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია იმ პოლიტიკის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ეკონომიკის სამინისტრო მომავალში აპირებს. ასევე განვიხილეთ თემები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებთან, კერძოდ "აწარმოეთ საქართველოში". დავაჯილდოვეთ გამორჩეული ბანკები, რომლებმაც აქტიურად შეუწყვეს ხელი ქვეყანაში პროექტების განვითარებას. ვფიქრობთ, ძალიან კარგი წრე შეიკრა - მთავრობის აღნიშნული პროექტი, მეწარმეები და ბანკები", - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში" გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები, მათ შორის "ლომისი", "პსპ", "ხილიანი", "რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა", "სი-ფი-აი ჯორჯია" და სხვა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე