სტატიაში განთავსებული ვიდეორეკლამა - ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე

ვიდეორეკლამა ინტერნეტში რეკლამის ერთ-ერთი ის სახეობაა, რომელიც ადვილად ამახსოვრდება მომხმარებელს, დიდ გავლენას ახდენს მასზე და უფრო სწრაფად ეხმარება რეკლამის დამკვეთს სასურველი მიზნის მიღწევაში.

მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე, გლობალურ ბაზარზე ონლაინ ვიდეორეკლამის წილი სულ უფრო იზრდება. ვიდეორეკლამის პოპულარობა დღითიდღე მატულობს საქართველოშიც, სადაც წინმსწრები რეკლამები, სიუჟეტური რეკლამები უკვე მყარად არის დამკვიდრებული ადგილობრივ ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე. თუმცა, საქართველოს სივრცეში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სრულიად ახალი პროდუქტი - სტატიაში განთავსებული ვიდეორეკლამა.

„სულ რამდენიმე თვეა, რეკლამის დამკვეთებს ქართული ინტერნეტ ბაზრისთვის სრულიად ახალ პროდუქტს ვთავაზობთ, რომელიც საქართველოს სივრცეში არავის აქვს. ეს არის სტატიაში ვიდეორეკლამა, რომელიც შეუძლებელია მომხმარებლის თვალთახედვის მიღმა დარჩეს. სტატიაში ჩასმულ ვიდეორეკლამას ხმა გამორთული აქვს, რომ მომხმარებელი არ გაღიზიანდეს. თუმცა აქვს ხმის ჩართვის უფლებაც და საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. პროდუქტი ახალია და პირველად მისი გაშვება „პალიტრა მედიამ“ დაიწყო“, - აღნიშნავს სარეკლამო კომპანია „ედვერთლაინის“ ინტერნეტ გაყიდვების ხელმძვანელი თეა თაბაგარი.

ტრადიციული ბანერული რეკლამისგან განსხვავებით, სტატიაში ჩასმულ ვიდეორეკლამას უკვე საკმაოდ მაღალი შედეგი აქვს. ასეთი სახის ვიდეორეკლამის ერთ-ერთ უპირატესობად მიიჩნევა ისიც, რომ ნაწილობრივ სატელევიზიო რეკლამის ალტერნატივაა, თუმცა სატელევიზიო რეკლამასთან შედარებით, ამ სახეობის რეკლამის ფასი უფრო დაბალია.

„სტატიაში განთავსებული ვიდეორეკლამის შემთხვევაში არ ვართ შეზღუდულები ქრონომეტრაჟში, ის აუცილებლად ხვდება მომხმარებელს თვალში, არ გააჩნია გადახვევისა და გათიშვის ფუნქცია, რაც საბოლოო ჯამში, რეკლამის დამკვეთისთვის ძალიან დიდი უპირატესობაა. ასეთი სახეობის ვიდეორეკლამა პირველ რიგში, საუკეთესო საშუალებაა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად. სტატიაში ვიდეორეკლამის განთავსებას რეკლამისდამკვეთებს „პალიტრა მედიის“ ისეთ რეიტინგულ საიტებზე ვთავაზობთ, როგორიც არის bpn.ge, ambebi.ge, marao.ge, mkurnali.ge, sportali.ge, gemrielia.ge. საუბარია რეკლამაზე, რომელსაც თქვენ ამ სტატიაში ხედავთ“, - აღნიშნავს თეა თაბაგარი.

მარკეტოლოგთა თქმით, ინტერნეტში განთავსებული ვიდეორეკლამა აუდიტორიასთან ურთიერთობისას სატელევიზიო რეკლამის ხასიათს ატარებს. მეტიც, სატელევიზიო რეკლამასთან შედარებით ონლაინ ვიდეორეკლამას რიგი უპირატესობები აქვს. მაგალითად, ტარგეტინგის, ინტერაქტიურობის, კონტენტის მოხმარებისა და შესაბამისად, რეკლამის ნახვის თვალსაზრისით.

ინტერნეტში ვიდეორეკლამის განთავსება უცხოეთში აქტიურად 2007 წლიდან მოყოლებული დაიწყეს, როცა Google-მა YouTube 1,65 მილიარდ დოლარად იყიდა. სწორედ ამ პერიოდიდან ონლაინ ვიდეორეკლამამ რეკლამის გლობალურ ბაზარზე პოპულარობა შეიძინა.

ონლაინ ვიდეორეკლამას 7-ჯერ მეტი კლიკი აქვს, ვიდრე ბანერულ რეკლამას. ინტერნეტში ვიდეორეკლამის ნახვის შემდეგ მომხმარებელთა დაახლოებით 65% ახორციელებს რაიმე სახის ქმედებას, რომელიც უშუალოდ ნანახ რეკლამას უკავშირდება.