"ალდაგი" ავტომფლობელებს ახალ მომსახურებას სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" 2 დეკემბრიდან მომხმარებლებს ინოვაციურ, ონლაინ მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას "ალდაგი" ავრცელებს.

"ყველა მსურველს შესაძლებლობა ეძლევა, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეიძინოს მესამე პირისადმი ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი. "ალდაგის" ახალი სერვისი მომხმარებლებს თვეში ფიქსირებული თანხის, სამი სახეობის, 5, 10 და 15 ლარიანი პოლისების შეძენის საშუალებას აძლევს. სტანდარტ, კლასიკ და პრემიუმ კლასის პროდუქტები ერთმანეთისგან სადაზღვევო ლიმიტისა და სადაზღვევო პრემიის ოდენობით განსხვავდება.

აღნიშნული სადაზღვევო პოლისი ავტომფლობელებს მანქანის მართვისას, მესამე პირთა ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს თავიდან აცილებს. მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის შესაძენად, მომხმარებელი უნდა შევიდეს სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ვებგვერდზე (www.aldagi.ge), სადაც აირჩევს ონლაინ დაზღვევას. პროცედურის პირველ ეტაპზე, დაზღვევის შეძენის მსურველებმა უნდა მიუთითონ პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც გამოიგზავნება აქტივაციის ბმული. ბმულზე გადასვლისას მომხმარებელი შეავსებს საჭირო საინფორმაციო ველებს და დაეთანხმება სადაზღვევო პირობებს. დაზღვევის ღირებულების ონლაინ რეჟიმში გადახდის შემდეგ, პოლისი გააქტიურდება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურებისა და პროდუქტების განვითარება, სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. "ალდაგი" მომხმარებლებს ინოვაციურ და ექსკლუზიურ სერვისებს მომავალშიც შესთავაზებს", - ნათქვამია "ალდაგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.