დიმიტრი ქუმსიშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოში პრაქტიკულად დასრულებულია

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოში პრაქტიკულად დასრულებულია, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა ბინალი ილდირიმის თურქეთის ტრანსპორტის მინისტრად დანიშვნის შესახებ და მის პროფესიონალიზმს ხაზი გაუსვა.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქეთში ძალიან გააქტიურდება სამუშაოები ამ მიმართულებით და საკმაოდ მალე ჩვენ მივიღებთ დასრულებულ პროდუქტს", - განაცხადა მინისტრმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ახალი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქამდე სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.