პროდუქტები, რომლებიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

2015 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ფასები 5.8 პროცენტით გაიზარდა.

როგორ საქართველოს ეროვნული ბანკის ოქტომბრის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების დაბალი დონის ფონზე, ფასების წლიური კლება გაგრძელდა სამომხმარებლო კალათაში შემავალ ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტზე, როგორიცაა დიზელის საწვავი და ბენზინი. თუმცა ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად წლიური კლების ტემპი შედარებით შენელდა და ოქტომბერში შესაბამისად, 12.5 პროცენტი და 8.4 პროცენტი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 12 პროცენტით იმატა ფასებმა გაზის საწვავზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ოქტომბრის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათზე ფასების საერთო დონე 3.9 პროცენტით გაიზარდა. ფასების ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი „ხილისა და ყურძნის“ კატეგორიის კვების პროდუქტების შემთხვევაში დაფიქსირდა (22.2 პროცენტი).

აღნიშნული ჯგუფის გარდა, წლიური ინფლაციის მატებაში შედარებით მაღალი წვლილი შეიტანა „ზეთისა და ცხიმის“ და „პურისა და პურპროდუქტების“ კატეგორიების სურსათმა. ოქტომბრის თვეში, „უალკოჰოლო სასმელების“ კატეგორიაში ფასები წლიურად 6.6 პროცენტით გაიზარდა. შედარებით მაღალი იყო წლიურ დონეზე ფასების მატების ტემპი „ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს” ჯგუფში (13.5 პროცენტი), რაც თამბაქოს ნაწარმზე და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზური გადასახადის ზრდის შედეგია.