ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, ფასები გაიზარდა სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანდაცვაზე, ავეჯზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის ნოემბერში ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის ნოემბერის თვის ინფლაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე - სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები 0,9 პროცენტით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა ძირითადად განაპირობა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასების 12,4-პროცენტიანმა მატებამ. ჯგუფში ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4,0 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,4-პროცენტიანი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,16 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-2,9 პროცენტი); საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფზე ფასები 1,0 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, 2015 წლის ნოემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 6,3 % შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე - სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 5,2 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,58 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22,9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (15,3 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 11,5 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (28,3 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 12,9 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0,81 პროცენტული პუნქტით აისახა;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9,2-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,78 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (11,2 პროცენტი).