შვეიცარიაში ფიფა-ს ჩინოვნიკები დააკავეს

შვეიცარიაში ფიფა-ს ჩინოვნიკები დააკავეს. ყველა მათგანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" იტყობინება, ბრალდება შესაძლოა, 10-ზე მეტ ჩინოვნიკს წაუყენონ. ესენია სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციისა (CONMEBOL-ი) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციის ჩინოვნიკები, რომლებსაც ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ.

დაკავებების სერია ციურიხში ჩატარდა, სადაც ფიფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. დაკავებულთა ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, დაკავებულთა შორის არ არის ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი. ციურიხის პოლიციის ცნობით, დაკავების ოპერაცია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და პოლიციის განკარგულებით ჩატარდა.

23 ნოემბერს ფიფა-ს ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ზეპ ბლატერისა და უეფა-ს პრეზიდენტის მიშელ პლატინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ბლატერს პლატინისთვის ჰონორარის სახით 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდაში ადანაშაულებენ.

ფიფა-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით ციურიხში მაისშიც დააკავეს, კიდევ რამდენიმეს ბრალდება წაუყენეს.