ოთარ დანელიამ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორთან, მაგდა მაღრაძესთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა ფონდის პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ფონდი საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე პროექტებს ახორცილებს. პროექტების მიზანია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში კვალიფიციური კადრების, მათ შორის აგრარული მიმართულებით, დეფიციტია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე აკადემიური განათლების ხარისხთან ერთად ხაზი გაუსვა სტაჟირების ინსტიტუტის გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ახალი კადრები საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მიმართულებებში მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის პროგრამებს აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ახორციელებს.

შეხვედრაზე აღნიშნულ უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.