გადაშენების წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით უკანონო ვაჭრობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

"გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციაში შეტანილი სახეობებით, მათი ნაწარმით ან დერივატებით უკანონო ვაჭრობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ამას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.

ინიცირებული პროექტის მიხედვით, "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობებით, მათი ნაწილებით ან დერივატებით უკანონო ვაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო მათი უკანონო ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ზღვიდან ინტროდუქცია გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ასევე 2000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა.

გარდა ამისა, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით კონკრეტდება სახეობები და სანქციები ისეთი სამართალდარღვევისთვის, როგორიცაა: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა, ზღვის დაბინძურება, სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა.