თბილისს კორპორაცია "მიცუბიშის" სამუშაო ჯგუფი ეწვია

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, დღეს კორპორაცია "მიცუბიშის" წარმომადგენლებს შეხვდა. ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი, ჰიროში მიოში საქართველოში ინვესტიციით დაინტერესდა, კერძოდ ენერგეტიკის სექტორით. შეხვედრა "მიცუბიშის" წარმომადგენლების საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა.

"მიცუბიშის" სამუშაო ჯგუფის ვიზიტი საქართველოს წელს ქ. დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015 წლის საზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და "მიცუბიშის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, იორიჰიკო კოჯიმას შორის გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, სადაც კორპორაციის ხელმძღვანელი საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ გაცნობით დაინტერესდა.

"მიცუბიში" არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, რომელიც ფლობს ბიზნესს მსოფლიოს 90 ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 68 ათასი ადამიანი. 2014 წელს კორპორაციის შემოსავალმა 74 მილიარდი დოლარი შეადგინა.