გეზ-ის "ბათუმის" თანამშრომლებმა სასაქონლო ნიშნებზე უფლებების დარღვევის გამო საქონლის ნაწილი შეაჩერეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს გაფორმების ეკონომიკური ზონის "ბათუმის" თანამშრომლებმა კომპანიის მიერ 30 ნოემბერს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის ნაწილი შეაჩერეს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საუბარია 300 ცალ მაჯის საათზე, ნიშანდებული სასაქონლო ნიშნით "swatch" და 92 ცალ მაჯის საათზე, ნიშანდებული სასაქონლო ნიშნით "OMEGA". საქონლის მთლიანი ღირებულება 4 112,63 აშშ დოლარია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საქონელი, სავარაუდოდ, წარმოებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებზე "swatch" და "OMEGA" უფლებების დარღვევით.

"ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტმა საქონლის გაფორმების პროცედურები 10 სამუშაო დღით შეაჩერა. ინფორმაცია საქონლის შეჩერების შესახებ საქონლისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელებს ეცნობა.