კახა კალაძე - არსებული ენერგეტიკული რესურსები ჯერ კიდევ დიდწილად აუთვისებელია

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, არსებული ენერგეტიკული რესურსები ჯერ კიდევ დიდწილად აუთვისებელია. ამის შესახებ კალაძემ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის სესიაზე "რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა ენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გზით" განაცხადა.

"სავარაუდო პოტენციური გენერაციის ნამატი სამხრეთ კავკასიაში ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, თუმცა არსებული ენერგეტიკული რესურსები ჯერ კიდევ დიდწილად აუთვისებელია. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა გენერაციაში და ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა განვითარდეს რეგიონში ელექტროენერგიით ვაჭრობა. ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობა არის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ელემენტი, თუმცა მრავალმხრივი შეთანხმებები საჭიროა, რათა გამოყენებულ იქნას სრული რეგიონალური პოტენციალი და მიღებულ იქნას მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი. ამიტომ, მნიშვნელოვანი ინვესტიციები არის საჭირო იმისათვის, რომ აშენდეს ურთიერთდამაკავშირებელი ხაზები და გაფართოვდეს გენერირების შესაძლებლობები. საქართველო არის ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების დამფუძნებელი წევრი. ქარტია არის მრავალმხრივი ინსტრუმენტი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, მისი სამართლებრივი კომპონენტებითა და ფართო გეოგრაფიული არეალით. ქარტიას შეუძლია შემოგვთავაზოს საჭირო ინსტიტუციონალური პლატფორმა გლობალური და რეგიონული ენერგეტიკული მართვისთვის. ენერგეტიკული ქარტია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენეგეტიკული კავშირების განვითარებას. მე მჯერა, რომ ელექტრონერგიის დერეფნის განვითარება მთელს სამხრეთ კავკასიაში მოუტანს რეგიონს სარგებელს რიგ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებში", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერის თქმით, თბილისში მიმდინარე მინისტერიალი მიზნად ისახავს ფორუმზე შეხედულებების გაცვლასა და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიწოდებას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალურ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში.

"დღეს დისკუსია მოგვცემს საშუალებას, რომ ავსახოთ ჩვენი თანამშრომლობის სარგებელი და მოვამზადოთ ერთობლივი რეაგირება ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ", - დასძინა კახა კალაძემ.